მე და ჩიტები
ცალფეხა ჩიტები
მურთხი მამრები და
ქართული სუფრა!
ერთმანეთზე დაწყობილი თეფშებით,
როგორც პირამიდები,
როცა ელფებს ეძინათ...
მე და ყვავილები
გამხმარი ყვავილები და პროსტიტუციისთვის დაჭერილი უზრდელი შვილები,
პოლიციაში, ნაკარნახები სიტყვებით,
როცა გნომები ცეკვავდნენ...
მე და ზღვები
დამშრალი ზღვები
და პოლიტიკაში გახიზნული ჩემპიონები,
მე და მორწმუნეები
ღმერთის სახელს ამოფარებული, ცრუ მორწმუნეები, სახეჩამოხოკილები, ჯვრებით...
მე და მართლები
მართლები, რომლებსაც დაკითხვისას ეშინიათ, რომ რამე წამოცდებათ,
მე და ბიბლია
კლდეზე მიტყორცნილი ბავშვით,
სისხლს რომ ასხამს ყველა კიდურიდან და არც იცის, რომ არავის ახსოვს...
მე და სიცოცხლე,
არსებობად გადაქცეული
სულის დამხობამდე მიყვანილი ტყუილებით.
მე და ტირილი
საზღვარსვერგადაცდენილი დოლარივით ყალბი,
სახემოთხვრილი საქონლების შესანიღბად გადმოდენილი სითხე,
მე და სიმდიდრე,
მოუგონებელი, დაუმარცხებელი ვირუსი, არანაირ გადაყენებას რომ არ ექვემდებარება და ძირფესვიანად ამოუთხრია, თქვენი, ყოველის თვალები.
მე და სკოლები,
ბოროტების ბუდეები,
ერთი შეხედვით ლამაზი ალუჩები, კანქვეშ რომ მატლები დაუცოცავენ და მგონი ვერ ხვდებიან...
მე?
მე მივალ ცასთან და ჩამოვხტები, რომ ყველას სასწაული ვეგონო.
No comments:
Post a Comment