სულ ახალი, ცინცხალი, ნერვებაშლილი პოსტი

დღეს მე და ანანო დავდიოდით. გავიარეთ გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მანქანიდან გადმოაგდო ვიღაცამ სიგარეტის ნამწვი. ლამის პირდაპირ ბენზინში ჩააგდო. მივაჭირეთ შუქნიშანს, აგვენთო მწვანე, გადავდივართ და ორმა მანქანამ ჩაგვიქროლა წინ, მიუხედავად იმისა, რომ დაინახეს როგორ გადავდიოდით არა მარტო მე და ანანო, არამედ 9 კაცი ჩვენს გარდა. შოკია ეს ქალაქი, სრულიად შოკი! შევდივარ ჩემს ლიფტში და ვხედავ დამაგრებულია რაღაც სარეკლამო დაფა, ზედ სიგარეტები მიმწვარი. ლიფტში რომელიღაც ღილაკი ამოვარდნილია და შიგნით შეტენილია საღეჭი რეზინი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნაგავი გდია, ყველაფერი მოთხვრილია. ან კედლები რას გავს ქუჩაში? აბსოლუტურად ყველა კიდურით ვუჭერ მხარს სტენსილებს და მსგავს რამე–რუმეებს იმიტომ, რომ ლამაზია, მაგრამ არ შემიძლია ამ სალომეების, ნიკჩოების, გიგჩოების და სოფჩოების ატანა ყველა კედელზე. ნუთუ ასეთი ძნელია აიღო ის შენი სიგარეტის ნამწვი და შეინახო სანამ ურნამდე მიხვალ? ყოველ ფეხის ნაბიჯზე ურნაა ამ ქალაქში. ნუთუ არ შეიძლება ის პარკი, რომელშიც ფენოვანი ხაჭაპური გედო აიღო და ჩაიდო ჩანთაში, ან ჯიბეში? ან ისევ და ისევ მიხვიდე ურნასთან ან ნაგვის კონტეინერთან და ჩააგდო? ნეტა რამდენი დრო და ენერგია იხარჯება ასეთ ელემენტარულ რაღაცებზე? არ გრცხვენიათ? აი, მართლა სირცხვილია ადამიანებო. თქვენი ქალაქია ბოლოს და ბოლოს, სულ იმის პრეტენზია გაქვთ, რომ კარგ ქვეყანაში ცხოვრობდეთ, სულ იმაზე წუწუნებთ, რომ თურმე ბანძ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ფუ, საქართველო. სულ იმაზე ლაპარაკობთ რა საშინელი მთავრობა გვყავს, რა საზიზღარი პრეზიდენტი გვყავს, გვატყუებენ, ქვეყანას გვინგრევენ, ქართველობას გვართმევენ! ძალიან მოსაბეზრებელია უკვე ეს ყველაფერი. რომ გაივლით და პარკს დააგდებთ ძირს, პრეზიდენტი მოვიდეს და აიღოს? თუ ცოცხით იაროს? ელემენტარული კულტურა და ესთეტიკაა, რომელიც ამ ქალაქის მოსახლეობის 90 პროცენტს არ გააჩნია! ყოველ დილას გარეთ რომ გავდივარ გაკრიალებულია ხოლმე ქუჩები, მეეზოვეები დადიან ცოცხებით და ყველაფერს ხვეტავენ, სამაგიეროდ ყოველ საღამოს გამოტენილია ქალაქი ნაგვით. ძალიან მომბეზრდა უკვე ამის ატანა, კოშმარია! რას გავს ქალაქი?!!!! ძალიან ვბრაზდები, როცა ჩემს ქალაქს ასეთ დანაგვიანებულს ვხედავ. არც აქციები ჭრის ამ ხალხზე და არც არაფერი. იარე და ასუფთავე ქალაქი, ატარე სხვადასხვა აქციები, რე–აქცია ნაგავზე მაგალითად. მაინც არ გაჭრის, მეორე დღეს მიხვალ იმ ადგილას, სადაც პარკი აიღე და ახალი პარკი დაგხვდება და ასე ყოველდღე, სულ, სულ, სულ! ძალიან გულისამრევია ეს ყველაფერი, ძალიან!

No comments:

From 10.03.2010